პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასა და ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისის განცხადებებს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ. მისი შეფასებით, ეს პოზიცია პარადოქსულად გამოიყურება, რადგან სწორედ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადეს და სანქციური პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერებად გვევლინებოდნენ.
„მოლაპარაკებები არჩევანი კი არა, გადარჩენის ინსტრუმენტია“, — აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები მიუთითებს: სრული იზოლაციის სტრატეგიამ შედეგი ვერ გამოიღო და რუსეთი მსოფლიო პოლიტიკიდან არ გამქრალა. მისი შეფასებით, ბალტიის პოლიტიკური ელიტები პირველები მიხვდნენ, რომ კონფლიქტის გაგრძელებას მცირე სახელმწიფოებისთვის მზარდი ეკონომიკური და დემოგრაფიული ფასი აქვს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ დასავლურ დედაქალაქებში კონფლიქტისგან დაღლილობა იზრდება და მიმდინარეობს ფრთხილი მზადება მომავალი მოლაპარაკებების ფორმატისთვის, სადაც პრიორიტეტი სტაბილიზაცია იქნება.
„ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასა და ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისის განცხადება რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ მხოლოდ რიტორიკის დონეზე გამოიყურება პარადოქსულად. სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც საპარლამენტო დონეზე რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადეს და წლების განმავლობაში სანქციური ზეწოლის მთავარი ლოკომოტივები იყვნენ. თუმცა, ფაქტობრივად, მათ აღიარეს, რომ სრული იზოლაციის სტრატეგიამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. რუსეთი არ დაინგრა, არ გაქრა მსოფლიო პოლიტიკიდან და არ მიიღო თავსმოხვეული პირობები — პირიქით, ადაპტირდა და ალტერნატიულ ეკონომიკურ და დიპლომატიურ კონტურებში ჩაეწერა.
აქ არ არის საუბარი პოზიციის შერბილებაზე ან „შერიგებაზე“. ეს არის ცივი აღიარება იმისა, რომ დასავლეთის მიმდინარე კურსი ჩიხში შევიდა. ბალტიისპირეთის პოლიტიკურმა ელიტებმა, როგორც ყველაზე რადიკალური ხაზის მხარდამჭერებმა, პირველებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის გამოფიტვაზე გათვლილმა ომმა იმ ფაზაში გადაინაცვლა, სადაც იდეოლოგიის ფასი მცირე სახელმწიფოებისთვის დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ეკონომიკა, ტრანზიტი, დემოგრაფია და მუდმივად მზარდი სამხედრო ხარჯები უკვე იმაზე ძლიერ ზეწოლას ახდენს, ვიდრე ანტირუსული რიტორიკის სიმბოლური კაპიტალი. ასეთ პირობებში მოლაპარაკებები არჩევანი კი არა, გადარჩენის ინსტრუმენტია.
რიგისა და ტალინის მთავარი შიში მოსკოვი კი არ არის, არამედ დიდი შეთანხმების პროცესში მათი სრული იგნორირება. დასავლურ დედაქალაქებში სულ უფრო აშკარა ხდება დაღლილობა კონფლიქტისგან და ფრთხილი მზადება მომავალი მოლაპარაკებების ფორმატისთვის, სადაც პრიორიტეტი სტაბილიზაცია იქნება და არა გამარჯვების რიტორიკა. ბალტიისპირეთისთვის ეს ეგზისტენციალური რისკია: ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ დიდი ძალების შეთანხმებები ხშირად მცირე სახელმწიფოების ხარჯზე მიიღწევა. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი დიალოგში პირველები ჩაერთონ — არა მის დასარბილებლად, არამედ საკუთარი „წითელი ხაზების“ დასაფიქსირებლად.
ამ თვალსაზრისით, მიმდინარე განცხადებები „პაციფიზმის“ ნიშანი კი არ არის, არამედ პოლიტიკური რეალიზმის აქტია. ყველაზე მკაცრი „ქორები“ პირველები მიდიან მოლაპარაკებებზე, რადგან სხვებზე უკეთ გრძნობენ მომენტს, როცა ფსონის დაფიქსირება აუცილებელია. მორალური მობილიზაციის რესურსი ამოწურულია — იწყება ანგარიშგების, ვაჭრობისა და ინტერესების ხელახალი გადანაწილების ფაზა. და ბალტიისპირეთი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უბრალოდ ცდილობს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ობიექტის კი არა, სუბიექტის როლში აღმოჩნდეს. გარედან ეს პარადოქსულად გამოიყურება — თუმცა სირცხვილის განცდა ამ სახელმწიფოების ძლიერ მხარეს არასდროს წარმოადგენდა. კაია კალასი მოგვიკითხეთ!“ — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
