თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ფილოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი და აკადემიური ლიდერი როინ ჭიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
“88 წლის ასაკში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ფილოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი და აკადემიური ლიდერი როინ ჭიკაძე გარდაიცვალა.
ჭიკაძე ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო ქართული ენათმეცნიერების სფეროში.
ის ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ენის კვლევასა და უმაღლესი განათლების განვითარებაში.
მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც სხვადასხვა წლებში იკავებდა როგორც ადმინისტრაციულ, ისე აკადემიურ თანამდებობებს.
1989-2004 წლებში სამგზის არჩევით ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტს რექტორის პოზიციაზე. მანამდე იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში, ქართული ენის კათედრის გამგე, დოცენტი და უფროსი მასწავლებელი.
2009 წლიდან 2024 წლამდე მეცნიერი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
იგი არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ქართული ენათმეცნიერების ფუნდამენტურ საკითხებს ეხება და დღემდე გამოიყენება აკადემიურ სივრცეში.
„მთავარი ამბები კახეთიდან“ უსამძიმრებს როინ ჭიკაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მთელ აკადემიურ საზოგადოებას”, – ნათქვამია „მთავარი ამბები კახეთიდან“ – ინფორმაციაში.
“ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს როინ ჭიკაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
