აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში, „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა „ქართულ-აფხაზური საგას“ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი თანამშრომლობის გააქტიურებასა და ქართულ-აფხაზური კულტურისა და საერთო ფასეულობების შენარჩუნებაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებას და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას.
„ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 15 წელზე მეტია აჭარაში მცხოვრები აფხაზების ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის მიზნით აქტიურ საქმიანობას ეწევა.












