პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემა “ღამის კურიერში” სატელევიზო სივრცეში დებატების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, დებატები და განსხვავებული აზრის მოსმენა ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებს პოლიტიკაში ჩართვის სურვილს გაუჩენს.
“დებატები ძალიან კარგი ფორმატია იქიდან გამომდინარე, რომ პოლარიზაციის გრადუსს ცოტა დაწევს. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არ გვაქვს, რომ დებატები პოლარიზაციას დაასრულებს, თუმცა გარკვეულ როლს შეასრულებს. კამათი უნდა გადავიდეს ჯანსაღ დისკუსიაში. ახალგაზრდებიც, რომლებსაც აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ბედი, ისინი უფრო დაინტერესდებიან. ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს ურთიერთობა და ისინი არ შემოდიან პოლიტიკაში, ვინაიდან მათი არგუმენტია, რომ მდიდარი პარტიები არიან, თავის ტელევიზიები აქვთ და რა აზრი აქვს. რაღაცებში გვეთანხმებიან, რაღაცებში არ გვეთანხმებიან. კარგი ოპოზიცია იქნებიან, ისეთ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, ქვეყნის პატრიოტები.
როდესაც მავნებელი ძალები გაქრებიან, ამ ახალგაზრდებსაც მეტი მოტივაცია და სტიმული ექნებათ, ვინაიდან მოსუფთავებული იქნება პოლიტიკური ველი. რაც უფრო მეტი ჯანსაღი ახალგაზრდა გამოჩნდება, ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება. როდესაც ჯანსაღი ძალა გაკონტროლებს სულ ტონუსში ხარ, როდესაც ისეთ რაღაცებზე გაკრიტიკებს, რაზეც მართლა საკრიტიკებელი ხარ, სულ იმაზე მუშაობ, რომ ეს ყველაფერი გამოასწორო. ახალგაზრდების არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ისეთი ახალგაზრდები, ვინც პატრიოტები არიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ასეთი ახალგაზრდები რაც უფრო მეტნი და მალე გამოჩნდებიან ეს ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
