ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მოწმე, ბიზნესმენი, რომლის ბინაშიც დეკანოზი გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა.
პროკურორის თქმით, როგორც მოწმემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, საქართველოს პატრიარქის ბერლინში გამგზავრების შემდეგ, მამა გიორგი დაუკავშირდა და 7 000 ევრო სთხოვა.
როგორც მოწმემ განაცხადა, აღნიშნული თანხა, როგორც მას გიორგი მამალძემ უთხრა, პატრიარქის სამკურნალო ხარჯებისთვის სჭირდებოდა.
„დაიკითხა მოწმე, ბიზნესმენი, რომლის სახლშიც ცხოვრობდა მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ. ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული მამალაძე დაუკავშირდა მას და 7000 ევრო სთხოვა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში.
რეალურად სიახლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ ფარული ჩანაწერები სადაც ჩანს, რომ 7 000 ევრო მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად.
ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ბრალდებულის ტყუილები, როგორ ცდილობდა ის თანხების მობილიზებას, ციანიდის შესაძენად. ბიზნესმენი მოატყუა, თითქოსდა სჭირდებოდა სამკურნალოდ. მას შემდეგ რაც უარი უთხრეს, როგორც მოგეხსენებათ სესხის სახით აიღო თანხა“,- განაცხადა პროკურორმა.