თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შურისძიებას უკავშირდება. დაკავების შემდეგ კილაძემ წერილში დაწერა, რომ მამუკა მდინარაძე ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობაში ამხილა.
ანალოგიური ინფორმაცია ელისო კილაძემ ჯერ კიდევ 15 ივლისს გაავრცელა. რეალურად კი ირკვევა, რომ კილაძის მიერ გამოქვეყნებული ბიტკოინების საფულის “სქრინი” აღებულია კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის მოძიება ყველას შეუძლია.
ასევე, ირკვევა, რომ “სქრინში” მითითებული კოდი 2015 წელს წყალდიდობის შედეგად დაზიანებებისა და დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ელისო კილაძემ ეს ინფორმაცია დამალა და საქართველოს მისამართზე გადარიცხული კრიპტოვალუტა, მამუკა მდინარაძის ბიტკოინებად მოიხსენია. გამოქვეყნებულ “სქრინში” არსადაა მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ელისო კილაძე წლების განმავლობაში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს, ახლა კი მას საკუთარ დანაშაულზე მოუწევს სასართლოს წინაშე პასუხისგება.
“ქალბატონი ელისო კილაძე რომ ერთი ჩვეულებრივი სიცრუის გამავრცელებელი მანქანაა, ეს არახალია ქართული საზოგადოებისთვის. წლებია იგი სიცრუეს და გარკვეულ ინფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მისი მოქმედებები და მიზნები უკვე აღარ არის შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში და ამ ადამიანს აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებების მცდელობა და სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზების მცდელობები, ეს არახალია საზოგადოებისთვის.
ჩვენ არაერთხელ გვინახავს მცდელობები, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულებს დარქმეოდა პოლიტიკური პატიმრობები, შემდეგ კი ვხედავდით უკვე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ქალბატონ ელისოს მოუწევს, რომ წარსდგეს იმ სასამართლოს წინაშე, რომელსაც წარსულში მიზანმიმართულად აშავებდა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
