“გადაწყვეტილება უნდა მოინახოს ვენეციის კომისიასთან კონსენსუსით და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია”, – ასე გამოეხმაურა ვიცე -პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს გუშინ გაკეთებულ განცხადებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
მინისტრმა ჯანი ბუკიკიოს კომენტარზე, რომ ის იმედგაცრუებულია ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მედიამ სათაურში ჯანი ბუკიკიოს მიერ ნათქვამი სიტყვა ”იმედგაცრუება” გამოიტანა და სათაურში არ მოხვდა ასევე მის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ ”გადაწყვეტილების მიღებაში დარწმუნებულია”.
”საქმე ის არის, რომ ახალ განცხადებაში, მოგეხსენებათ, ტონალურობა, ასე რომ ვთქვათ, შემსუბუქდა შედარებით, ანუ თარგმანის ამბავია. მოგეხსენებათ, რომ ”იმედგაცრუება” შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. როგორც მის გამოსვლაში იყო ნათქვამი, სათაურად მედიაში ”იმედგაცრუება” გამოიტანეს, რა თქმა უნდა, თუმცა ისიც თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას მივიღებთ და ეს სათაურში არ მოხვდა. ასე რომ, მეც დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული, მიღწეული”, – ჯეჯელავამ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ 2024 წლამდე პროპორციული სისტემის შემოღების გადავადებაზე ბათუმში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ”რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ“.