„ვივარაუდე, რომ ჯანი ბუკიკიო თავად დარწმუნდებოდა, რომ ჩვენს ოპონენტებთან კონსენსუსი არის შეუძლებელი და ეს ასეც მოხდა“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოწონებულია ყველა ობიექტური დამკვირვებლის, ასევე ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან და დაწყებული საქმე ბოლომდე მივა.
„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „პროგრესზე უარი იმის გამო არ უნდა ითქვას, რომ სუბიექტური ფაქტორებით მოხელმძღვანელე ოპონენტები პროგრესული საკონსტიტუციო ცვლილებების პათოსს არ იზიარებენ”.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან განცხადება პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გააკეთა. დამოკიდებულება კონსენსუსის მიუღწევლობის შესახებ ჩვენს ოპონენტებთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება. საბედნიეროდ, ბატონი ბუკიკიო იქვე აღნიშნავს, რომ ცვლილებები კარგი პროექტია, თორემ ამ ყველაფერს ოპოზიცია სხვა ინტერპრეტაციას აძლევს. როდესაც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიღებულია მათი რეკომენდაციის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც არ მიიღეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, იქნებ მიხვდნენ, კონსენსუსის მიუღწევლობაში ვის დამსახურებაზეა საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ინტერპრესნიუსი”