შემუშავდა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებდა პირველ რიგში ეპიცენტრში მყოფი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას, – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ადგილზე მიმდინარე სამუშაოებზე.
მისი ინფორმაციით, ეპიცენტრის ზონაში ამჟამად გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.
„ხდება სიღრმისეული შესწავლა როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების. სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე დილიდან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
