გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, – განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობს რამდენიმე ჯგუფი.
„ჩვენი ინფორმაციით არის 5 სახლი დანგრეული და 38 ოჯახი არის ევაკუირებული“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე დილიდან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
