უვადო პატიმრობაში ქართველ სამხედროს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, გივი დუმბაძესაც შეეხო, რომლის საქმეზეც, ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა მოამზადა და სამოქალაქო ადვოკატირების პროცესი დაიწყო. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. თავისუფლების აღკვეთის ვადად 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად 2023 წელი განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს.
ორგანიზაცია გივი დუმბაძის შეწყალების ფაქტს მნიშვნელოვან წარმატებულ გადაწყვეტილებად აფასებს და გივი დუმბაძის უკანონო მსჯავრდების სრული გადახედვისთვის მუშაობას გააგრძელებს. ამასთან, ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლის, თუ რა საფუძვლებით არ მოხდა გივი დუმბაძის შეწყალება სრული მოცულობით და შეწყალების კომისიასთან გააგრძელებს ინსტიტუციურ დიალოგს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის აგვისტოში უვადო მსჯავრდებულის, გივი დუმბაძის საქმეზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნეს, ხოლო 2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული გივი დუმბაძის საქმე გადახედილიყო და ქართველ სამხედროს შეწყალების აქტი შეხებოდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღმისეულ შესწავლას, რათა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები.
პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურე შეიწყალა
2017/07/08 20:57:10
კომენტარები
ნანახია: 1255 ჯერ