საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სერგეი ლავროვს პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციაა, რომელსაც რეალურ საერთაშორისო ურთიერთობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველო ძაბავს სიტუაციას რეგიონში და საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობა ხელს უშლის რეგიონში სტაბილურობას. ძალიან საშიშია ასეთი განცხადებები, რომ გვესმის იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიის მიტაცებისაკენ. მცოცავი ოკუპაციის მორიგი ნაბიჯები ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი და თუკი რაიმე პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას, ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია და ის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი პოზიცია დაფიქსირდეს საქართველოს ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაციისა და ფარული ანექსიის მიუღებლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.