საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები განიხილეს.
მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას გულისხმობს. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.