ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ინფორმაციას შპს ბათუმის წყალი ავრცელებს.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.
საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ობიექტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდიულ პირზე კი 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას.
საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები, ტურისტულ ზონაში მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით გარე ვაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, პარალელურ რეჟიმში საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს. სამართალდარღვევებზე მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.
