გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრაკონიერობის ფაქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ აბასთუმანში დაფიქსირდა. კერძოდ, მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა კობრის სახეობის თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერებთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ და მცურავ საშუალებებს. შედეგად, ბრძოლა გახდა კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტიანი. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
