უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა.
პრემიერმა სწავლებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებს ღირსეულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
„ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება ატარებს „ღირსეული პარტნიორის“ სახელს. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას. სწორედ ჩვენი ჯარისკაცების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ერთგულ, ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ ქართველ სამხედროებს და ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, წელს სწავლება უფრო კომპლექსური იქნება, ასევე გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რიცხვი.
საქართველოში მესამედ ტარდება „ღირსეული პარტნიორი“ და წელს უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება და ეს ძალიან სასიხარულოა. ეს სწავლება მნიშვნელოვანია, რადგან მეტი პროფესიონალი სამხედრო გვეყოლება, ის ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. სწავლება ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია. უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გერმანია სამხედრო ტექნიკით სწავლებაში პირველად ჩაერთო.
ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზრდელად. ასეთი თანამშრომლობა ურთიერთნდობას აყალიბებს.
ეს კიდევ უფრო გააძლიერებს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან.
საქართველოს ღირსეული წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას აფასებენ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.