რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და ქალაქებს შორის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
„სიახლე მაქსიმალურად არის მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს რუსთავსა და თბილისს შორის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას. დამატებითი მარშრუტი ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის გადანაწილებას, შეამცირებს ლოდინის დროს და მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად სამსახურებში, უნივერსიტეტებსა თუ სხვა საჭიროებებზე უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდნენ“, – განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.
M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსი 25 ნომრით რუსთავში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს მოძრაობას და კახეთის გზატკეცილის გავლით, აუთლეტ ვილიჯის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, ისთ ფოინთის და მეტროსადგურ ამგორის მიმართულებით გადაადგილდება.
ახალი მარშრუტით მგზავრობა მოქალაქეებს რეფორმის ფარგლებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფით შეეძლებათ.
