ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დასაწყისში მაიკ პენსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ გადასცა მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვითარდება. საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ,”-განაცხადა მაიკ პენსმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა. მხარეებმა საქართველო–ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს როლს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. აღინიშნა საერთაშორისო სწავლების – “ღირსეული პარტნიორი” მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.