ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, „მრავალმხრიობის პარტნიორობის“ სამიტი გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიო ლიდერები დაესწრნენ.
სამიტის თანაორგანიზატორები იყვნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, კენია, ავსტრალია, ბარბადოსი, კანადა, ბრაზილია და ინდოეთი. კოშტას განცხადებით, ინიციატივის მთავარი მიზანი გაერო-სა და სხვა მრავალმხრივი ფორმატების მუშაობის მხარდაჭერა და საერთო ვალდებულებების კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნაა.
მისივე თქმით, მსოფლიო დღეს არაერთი საერთო გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა მოგვარება ცალკეული ქვეყნების ძალებით შეუძლებელია.
„ჩვენ თითოეული შეიძლება, სხვადასხვა რეგიონიდან ვიყოთ, განსხვავებული კულტურა და ისტორია გვქონდეს, მაგრამ ყველა ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მსოფლიოსთვის კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით. კონფლიქტები ვრცელდება, საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, გაეროს ქარტია, არაერთხელ ირღვევა, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების მიერ, ხოლო მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშეა.
ამავდროულად, კლიმატის ცვლილება, პანდემიები, ხელოვნური ინტელექტი და ეკონომიკური არასტაბილურობა ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას და რომელთა მოგვარება არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს დიდი თუ პატარა, დამოუკიდებლად არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაპირისპირება თანამშრომლობით უნდა ჩავანაცვლოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება გლობალური ქსელის შექმნა, რომელიც მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული დაგვაკავშირებს. სწორედ ამ სულისკვეთებით ვთავაზობთ დღეს ჩვენი ინიციატივის – „მრავალმხრივობის პარტნიორობის“ ამოქმედებას. ინიციატივა მიზნად ისახავს იყოს ღია პლატფორმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან პარტნიორებისთვის, რომლებიც მზად არიან დაიცვან საერთო პრინციპები და იმუშაონ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღწევად. ის იმოქმედებს როგორც დიალოგის, კოალიციების შექმნისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ქსელი და დაგვეხმარება საერთო გამოწვევების წინაშე ჩვენი ძალისხმევის კოორდინირებაში.
ჩვენი მთავარი მიზანია, მხარი დავუჭიროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა მრავალმხრივი ფორმატების მუშაობას და ხელი შევუწყოთ საერთო ვალდებულებების კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნას. ამ მხრივ, სამ მთავარ პრიორიტეტს ვხედავ. პირველი – ჩვენ უნდა დავიცვათ ის წესები და ინსტიტუტები, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვიცავს. მათ შორის, გაეროს ქარტია, დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპები. მეორე – პროგრესი უნდა მივაღწიოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიცაა კლიმატის დაფინანსება, მდგრადი განვითარება, პანდემიებისთვის მზადყოფნა, ეკონომიკური მდგრადობა და ხელოვნური ინტელექტი. მესამე – ჩვენ უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ინსტიტუტები ისე, რომ ისინი ხვალინდელი მსოფლიოსთვის იყოს შესაფერისი და არა გუშინდელი მსოფლიოსთვის”,- განაცხადა კოშტამ.
