სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე სასამართლო სხდომები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ნათია მინდიკაურმა სიძულვილის ენა დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოიყენა.
„ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები ნორმალიზებული ვერ იქნება, შედგენილი იყო ოქმი და წარედგინა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც გაიზიარა უტყუარი მტკიცებულებები და პირი სამართალდამრღვევად ცნო. დაახლოებით 400-მდე ოქმია წარდგენილი საერთო სასამართლოების სისტემაში. დაახლოებით 250 საქმის განხილვა უკვე დასრულებულია შესაბამისი შედეგებით და მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი ოქმებში გაზიარებული მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასება სრულად არის გაზიარებული საერთო სასამართლოების მიერაც“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
