საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესთან არის ინტეგრირებული და მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.
„პირველი ლედის ბათუმში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და ისეთი გარემოს მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
