Ipsos-Politikmonitor-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გერმანელების 58% მიიჩნევს, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი უნდა გადადგეს. ამასთან, გამოკითხულთა 48% სრულად იზიარებს პოზიციას, რომ „ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი იყო“, 19% კი ნაწილობრივ დაეთანხმა ამ პოზიციას.
კვლევის მიხედვით, მერცის რეიტინგი გაცილებით დაბალია აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც გამოკითხულთა 80% სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს პოზიციას, რომ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გერმანიის დასავლეთის მიწებში მერცის მიმართ უკმაყოფილება 64%-ს შეადგენს.
გამოკითხულთა 44% სრულად დაეთანხმა, 14% კი ნაწილობრივ დაეთანხმა წინადადებას, რომ „ფრიდრიხ მერცი უნდა გადადგეს კანცლერისა და პარტიის ლიდერის თანამდებობიდან“. გამოკითხულთა 11% მერცის გადადგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალი გამოკითხულები უფრო ერთსულოვანნი იყვნენ მერცის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაში. გამოკითხული ქალების თითქმის 70% სრულად ან ნაწილობრივ დაეთანხმა, რომ მერცის კანცლერის თანამდებობა წარუმატებელი იყო, მამაკაცებს შორის ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენს.
გამოკითხვის მიხედვით, 18-დან 29 წლამდე ასაკის რესპონდენტთა შორის 75% ამ ეტაპზე კანცლერის კარიერას დასრულებულად მიიჩნევს, ხოლო 60-დან 75 წლამდე ასაკის რესპონდენტთა შორის ეს მაჩვენებელი 58%-ს შეადგენს.
Ipsos-Politikmonitor-მა ქვეყნის მასშტაბით 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით 2002 ადამიანი გამოკითხა. როგორც ცნობილია, კვლევის ცდომილება 2.2%-ს შეადგენს.
