პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვეტერანებისთვის განსაზღვრული 100-ლარიანი დახმარება დამამცირებელია, ვინაიდან ვეტერანები არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ყოველ ჯერზე, როდესაც ქვეყანას უჭირს, მის დასაცავად სასწორზე დადონ ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მომავალი.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარებაზეც და აღნიშნა, რომ მართალია, რომ 2012 წლის შემდეგ მათი დახმარების თანხა გაიზარდა, თუმცა დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია ამ დახმარების კიდევ უფრო გაზრდა.
სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა უფასო რეზიდენტურის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მის მიერ ნახსენები სამი საკითხი განახლებულ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს.
„მსურს გამოვეხმაურო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც გასულ კვირას განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში და დაუბრუნდა მთავრობას.
ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ შევეხები, მაგრამ მსურს, განსაკუთრებულად ვისაუბრო ერთ კონკრეტულ მუხლზე – ეს არის ვეტერანების დაფინანსების საკითხი.
ვეტერანები არიან ადამიანები, რომლებმაც, ყოველ ჯერზე, როდესაც სამშობლოს უჭირდა, მის დასაცავად სასწორზე დადეს ყველაზე მთავარი – სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომელებიც მზად არიან ყოველ ჯერზე იგივე გააკეთონ საქართველოსთვის და მართლაც დამამცირებელია, რომ მათი დახმარება არის 100 ლარი, მითუმეტეს, რომ ეს არ არის განსაკუთრებით დიდი თანხა. მთლიანობაში საქართველოში არის 51 284 ვეტერანი, საიდანაც ამ ოდენობის დახმარებას იღებს 27 295 ადამიანი. კარგად მესმის, რომ ვეტერანებს, გარდა ამ დახმარებისა, აქვთ სხვა სოციალური დახმარების პაკეტი და შეღავათები, თუმცა, ეს თანხა – 100 ლარი მართლაც არასწორი და დამამცირებელია და მისი, მინიმუმ, გაორმაგება აუცილებლად უნდა ჩაიდოს მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს იქნება 65 508 000 ლარი მთლიანად. ანუ 32 მილიონი ლარით მოიმატებს ბიუჯეტი და ეს არ არის ის თანხა, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება.
ამასთან, მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვაზე გააკეთა ჩვენმა კოლეგამ, ბატონმა ზაალ მიქელაძემ. ესაა მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელი. ეს იყო სოციალური გასაცემელი, რომლის ოდენობა 55 ლარს შეადგენდა 2012 წლამდე, 100 ლარი გახდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და 2019 წელს 150 ლარი გახდა ორივე მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის. მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირე თანხაა და ამ შემთხვევაშიც, გაორმაგება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დაახლოებით 20 მილიონი ლარია და არც ეს დააწვება ბიუჯეტს ტვირთად.
მესამე, ისევ ზაალ მიქელაძემ რაც ბრძანა და რაც ასევე მნიშვნელოვანი თემაა – უფასო რეზიდენტურა. საუბარია წელიწადში დაახლოებით 400 რეზიდენტის დაფინანსებაზე. ძირითადად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში რეზიდენტებს სახელმწიფო ან უნივერსიტეტები აფინანსებენ. მგონი არასწორია, რომ ჩვენთან ამაში მათ ფულს ვახდევინებთ. ეს არის ის სამი თემა, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ განახლებულ ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში უნდა შემოვიდეს,”- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
