საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციებს, – ამის შესახებ ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟდენეკ ტუმამ განაცხადა, რომელიც „თბილისის ფინანსური სამიტის“ ერთ-ერთი სპიკერი იყო.
„ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას და ეროვნული ბანკის აქტიურობას ფინანსური ინოვაციების სფეროში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „თბილისის ფინანსური სამიტი“ გამორჩეულია ღონისძიება იყო, რომელმაც თავი მოუყარა ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს და საშუალება მისცა მონაწილეებს, ბევრი რამ ესწავლათ არა მხოლოდ სტაბილურ მონეტებზე, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტაზე
„პანელი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ფოკუსირებული იყო ტრანსსასაზღვრო გადახდებზე, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სხვა საკითხები. ასე რომ, სამომავლოდ, თუ ვინმეს სურს, იცოდეს, რას უნდა ველოდოთ ფინანსურ სექტორში ინოვაციების კუთხით, ეს არის შესანიშნავი ადგილი ამ თემებზე სასაუბროდ. მჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ბევრ ახალ ინოვაციას ფინანსურ სექტორში. კარგად მახსოვს, რომ ხუთი-ათი წლის წინ ფინანსური სექტორი სრულიად განსხვავებული იყო და მას შემდეგ იაფი გადახდები უზარმაზარია. როგორც წესი, ახალი ტექნოლოგიები ფოკუსირებულია მომხმარებლებზე, აუმჯობესებს მათ მომსახურებას და გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ-სამ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ვიხილავთ ფინანსურ სექტორში“, – აღნიშნა ჟდენეკ ტუმამ.
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში ჟდენეკ ტუმამ მოდერატორობა გაუწია პანელს, სახელწოდებით „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება“. პანელის მომხსენებლები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, Swift-ის გადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელი ჯიმ სოიდემირი, UnionPay-ის ვიცე-პრეზიდენტი ლუ ჰენგი და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის ბიზნესის ხელმძღვანელი კიშან სრინივაში მონაწილეობდნენ.
დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.
პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
„თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.
