უკრაინის ქალაქ დნიპროში, რკინიგზის სადგურზე რუსული დრონის იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დრონი რკინიგზის სადგურის ერთ-ერთ ბაქანს მოხვდა, სადაც დნიპრო-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრავი მატარებელი იყო გაჩერებული.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმაც დაადასტურა.
ცნობისთვის, 2026 წელს რუსეთმა უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაახშირა. უკრაინის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან იერიშების სამიზნე 1 700 ობიექტი გახდა. დაზიანებულია 120 სამგზავრო ვაგონი, 304 ლოკომოტივი და 43 რკინიგზის სადგური.
ამავე პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რკინიგზის 50 თანამშრომელი დაიღუპა.
გახშირებული თავდასხმების გამო უკრაინის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. საჰაერო განგაშის დროს მგზავრების მატარებლებიდან ევაკუაცია ხორციელდება, ზოგჯერ ერთი მგზავრობის განმავლობაში – რამდენჯერმეც.
