პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
“ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ნინო ბურჯანაძე ვიზიტის საკითხს აქტიურად განიხილავს. დღემდე არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ ჩასულა აფხაზეთში, იმ სასაზღვრო სირთულეების გამო, რაც არსებობს.
თუმცა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. ვისაც მოსმენა სურს და შეუძლია ინფორმაცია სწორად აღიქვას, გაიგებს, რომ ნინო ბურჯანაძე თავის ყველა გამოსვლაში აცხადებს, რომ პირველ პრიორიტეტი არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, იმ ხალხთან, ვინც მანდატი მისცა დე ფაქტო ხელისუფლებას.
მართალია, ნინო ბურჯანაძე არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ აუცილებელია ამ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რაც მხოლოდ შეხვედრებით და დიალოგით არის მიღწევადი”, – განაცხადეს პარტია “დემოკრატიულ მოძრაობაში”.