აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს.
პარიზში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკას საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში მისმა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მძიმე მარცხი განიცადა.
მისი თქმით, ტრამპი ირანთან და რუსეთ-უკრაინის ომში კონფლიქტების დასრულებას ისახავს მიზნად, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატები კვლავ პრინციპით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იმოქმედებს.
„კონგრესს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში თავისი როლი აქვს, განსაკუთრებით, დაფინანსებისა და ზედამხედველობის კუთხით, თუმცა საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება პრეზიდენტი“, – განაცხადა რუბიომ.
როგორც Associated Press-ი წერს, პარიზში გამართული შეხვედრა რუბიოს პირველი საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატებმა“ კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. მათი წარმატება, ნაწილობრივ, ადმინისტრაციის არაპოპულარულ პოლიტიკას, მათ შორის ირანის ომს უკავშირდება. ამ ფონზე აშშ-ის მოკავშირეებში კითხვები გაჩნდა, შეცვლის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოზიციებს.
რუსეთ-უკრაინის ომის, ირანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკითხებზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ორდღიანი შეხვედრების დაწყებისას მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტები, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასრულდეს.
რუბიოს განცხადებით, აშშ არ შეცვლის პოზიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ და კვლავ გააგრძელებს ამ ინსტიტუტის წინააღმდეგობას. „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები სასამართლოს მონაწილეები არიან, ტრამპის ადმინისტრაცია კი მისი დაშლისკენ ისწრაფვის, – წერს სააგენტო.
