ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნისლიან საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ათობით ავტომობილის მონაწილეობით მომხდარი მასშტაბური ავარიის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გზის ორივე მხარეს ავტოავარიაში მოყოლილი მსუბუქი ავტომობილები და სატვირთოები არიან მიმოფანტულნი. რამდენიმე მანქანა გადაბრუნებულია, დაზიანებულია ან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი.
იანბოლის ოლქის გუბერნატორ გეორგი ჩალაკოვის განცხადებით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი დაახლოებით 50 ავტომობილი დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იანბოლის რეგიონული დირექტორატის მთავარი ინსპექტორის ტოდორ მიშინევის განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი კვლავ ავტომობილებშია ჩარჩენილი.
„ამ ეტაპზე პრიორიტეტი სამაშველო ოპერაციებია. მათი დასრულების შემდეგ დაიწყება საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა მიშინევმა.
