სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 424.2 ათასით განისაზღვრა,
რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 838.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.5 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 856.1 ათასით განისაზღვრა, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.8 პროცენტს შეადგენდა.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.9 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. 2026 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 49.6 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა (საშუალოდ 394.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 349.8 ათასი ვიზიტი თვეში).
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 445.4 მილიონი ლარით, რაც 11.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.7 პროცენტით და 242.3 ლარს გაუტოლდა.
