შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
„ხელოვნურად შექმნილი ავზიდან წყლის აღების დროს, ჩვენმა ვერტმფრენმა, შსს-ს კუთვნილმა მი- 8-მ განახორციელა ავარიული დაჯდომა წყალზე, იმდენად, რამდენადაც ვერტმფრენს უკვე კალათა სავსე ჰქონდა წყლით და მან ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა და პილოტები იძულებულები გახდნენ, რომ წყალზე დაესვათ აპარატი, რის შემდგომ ვერტმფრენმა ვერ შეინარჩუნა მდგომარეობა და გადაბრუნდა გვერდზე. საგანგაშო, მე ვფიქრობ, რომ არაფერია, იმდენად, რამდენადაც ჩვენ თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება, ჩვენი მფრინავები, სამივე მათგანი არის ჯანმრთელი, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, 600-ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას, 1300 ტონა წყალი გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები გმირები არიან, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.