პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი განმარტებას აკეთებს იმაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას.
“ჩემ ამომრჩევლებს – ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვარ, მინდა ავუხსნა ჩემი დღევანდელი პოზიცია, ანუ რატომ დავუჭირე მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად და სამაგიეროდ ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ ვუყარე კენჭი სახალხო დამცველის პოსტზე.
დავიწყოთ იმითი, რომ არც ერთის და არც მეორესი შეხედულებებს – ნაციონალურ მოძრაობასთან უკიდურესად დაახლოებულს – არ ვიზიარებ.
თუმცა ერთ შემთხვევაში საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ბორდს, სადაც მიმაჩნია მრავალფეროვნება და “ოპოზივიური” წარმომადგენლის მონაწილეობა (მირჩევნოდა სხვა ოპოზიცია არსებობდეს ქვეყანაში და მისი წარმომადგენელი მიგვეღო) საფრთხეს არ წარმოადგენს და საჭიროც არის რაღაც დონეზე. მიუკერძოებელ კანდიდატს ეს ოპოზიცია არ და ვერ წარმოადგენდა და პროცესი ჩიხში შევიდოდა, რაც ასევე საზმაუს საქმიანობას არ წაადგებოდა.
სამაგიეროდ მეორე შემთხვევაში – სახალხო დამცველისა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, ზეპარტიული და ობიექტური, ლომჯარიას კანიდატურა სრულიად მიუღებელი იყო, რაც დადასტურდა მის ახლახან წარმოდგენილ აშკარად პოლიტიკურად ისპირირებულ წლიურ ანგარიშში და პოზიციებში.
ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ჩემ საკუთარ პოლიტიკური მრწამსის თანახმად…”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.