ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული 6 მაღაროელის ცხედრების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. ამ დროისთვის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მეშახტეები, გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შახტასთან არიან ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.