საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ამის შესახებ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ გვერდზე წერია.
დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის შენობების ფასადებზეც.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ცოტა ხნის წინ “აუდიტორია 115“ ხვალ ხუთ საათზე თბილისში აქცია დააანონსა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.
რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12.