ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართება. აქცია 15:00 საათზე არის დაგეგმილი და ის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება. ამის შესახებ 1tv წერს.
ამასთან, სოციალურ ქსელებში დაგეგმილ აქციასთან ერთად, 15:00 საათისთვის აქციას გეგმავს სტუდენტების ნაწილიც, რომელიც პარლამენტთან გუშინ მიმდინარე აქციას გაემიჯნა.
სტუდენტები გუშინ სიმბოლურად იმ სკოლასთან შეიკრიბნენ, სადაც გარდაცვლილი მოზარდები სწავლობნენ. მათ 51-ე საჯარო სკოლიდან ისაუბრეს თავიანთი მოთხოვნების შესახებ. კერძოდ ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და იზიარებენ მის მოთხოვნას ყველა დამნაშავის დასჯასა და სისტემური დამნაშავეების გამოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების მცდელობებს, ოჯახური ტრაგედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების თაობაზე.
სტუდენტებისთვის მიუღებელია ის, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებიც გამოდიან.