მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენმა ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მის მდგომარეობას აკონტროლებს.
„მთელი დღის განმავლობაში არა მხოლოდ კონტაქტზე ვარ, არამედ რამდენჯერმე ვინახულე ზაზა სარალიძე. მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იგი აპირებდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დატოვებას, მე, როგორც სახალხო დამცველმა შევთავაზე ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილება. ამ პრესკონფენციამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ შევხვდი მას და პირადად ვესაუბრე.
ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა და ვმოქმედებ აბსოლუტურად მისი სურვილის შესაბამისად. თუ მას ექნება სურვილი თქვას სად იმყოფება, თავად განაცხადებს. მე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განცხადებას არ ვაკეთებ, თუმცა მუდმივად ვაკონტროლებ როგორ იმყოფება და რა მდგომარეობაშია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.