ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ ზაზა სარალიძემ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე მოინიშნა ყველა სახელი და გვარი, ვიზეც სარალიძე ფიქრობს, რომ მფარველობდნენ გამოძიებას:
„გარკვეულ დეტალებზე გვქონდა საუბარი, რა იმალება ამ საქმის მიღმა და რას მივაღწიე მე ჩემებური გამოძიებით. ზვიად კუპრავა დამეხმარა ამ საქმის გახსნაში, ბოლომდე გვერდით მედგა. ბატონმა გიორგიმ ყველა მონაცემი ჩაიწერა. ვისი სახელი და გვარებიც მივაწოდე მე, თუ ვინ მფარველობდ გამოძიებას.
10 რიცხვამდე მივეცი დრო ხელისუფლებას, ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს.არ ვგულისხმობ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა გამოააშკარავეთ ამ 5 დღეში და ყველა დაიჭირეთ. იგულისხმება ის, რომ აუცილებლად უნდა გამოააშკარავოს კონკრეტული პირები, ვიზედაც უკვე ხელმოსაჭიდი აქვთ.ვიზედაც ფაქტები არსებობს.
სანამ ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მე არ გავჩერდები“,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მას მაინცდამაინც დიდი იმედი არ აქვს, რომ შეხვედრა შედეგს გამოიღებს:
“უიმედოდ არ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ამ შეხვედრიდან არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რამე რეაგირებას მოახდენენ, ან მიაღწევენ”,-აღნიშნა სარალიძემ.
ამასთან, სარალიძე ამბობს, რომ პრემიერისთვის გადადგომის პირობა არ წაუყენებია, ვინაიდან პიროვნული ზიზღი მის მიმართ არ აქვს. თუმცა, სარალიძე განმარტავს, რომ თუ 10 რიცხვამდე კონკრეტულ შედეგს ვერ დაინახავს, ამ საკითხს უკვე ხალხი გადაწყვეტს:
„პრემიერისთვის არ წამიყენებია მოთხოვნა გინდა თუ არა გადადექი.პიროვნული ზიზღი არავისთან მაქვს, პირიქით, სიმართლე გითხრათ, თვითონ პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს, მაგრამ როგორც თანამდებობის პირი, რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩემი მოწოდება პოლიტიკა არ არის, პოლიტიკისგან გამიჯნული ვარ.
მე არ წამიყენებია ეს პირობა, მაგრამ თუ რეალურ კონკრტეტულ ნაბიჯებს არ დავინახავ, ამას უკვე 10 რიცხვში ხალხი გადაწყვეტს”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ გადაცემა “რეაქციაში”.