ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ სოციალურ ქსელში 7 ნოემბრის დარბევის ამსახველი ფოტოები გააზიარა.
2007 წლის 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდში , სამი დარბევა იყო ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძის განცხადებით, ფოტორეპორტიორები 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე გადაღებული კადრების გამო დასაჯეს, როდესაც მათ მთელ მსოფლიოს გააგებინეს თუ რა მოხდა საქართველოში.
პირველ ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე. ფოტორეპორტიორებმა ნათია და ირაკლი გედენიძეებმა სოციალურ ქსელში 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც მაშინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მათ მძიმე ბრალდებებს უყენებდა.
გავრცელდა საარქივო ვიდეომასალა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 2011 წლის ივლისში ფოტოგრაფების დაკავების საქმეზე საუბრობს. ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2011 წლის 18 ივლისის 15:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.