თბილისში ტურისტებისთვის მოპარული ველოსიპედი ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ, სომხეთის საზღვართან, თბილისიდან 100 კილომეტრში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
როგორც ტურისტების ინფორმაციიდან ირკვევა, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე პოლიციას მაშინვე შეატყობინეს და ველოსიპედის ძებნა საკუთარი ძალებითაც გააგრძელეს. გუშინ საღამოს კი პოლიციიდან შეტყობინება მიიღეს, რომ მათი ველოსიპედი ნაპოვნია.
“ქართველმა სამართალდამცველებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. ჩემი ველოსიპედი სომხეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ პატარა სოფელში იპოვეს. მათ მე ველოსიპედთან ერთად, ადამიანების რწმენა დამიბრუნეს”, – წერს ერთ-ერთი ველომოგზაური, ნიკოლი.
მოგზაურების თქმით, პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ეს მათი ღირსების საქმე იყო. რის გამოც ნიკოლი და ჯერემი კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას სამართალდამცველებს.
“საქართველო მიყვარხარ! ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ შედეგი ასეთი არ იქნებოდა. უაღრესად მადლიერი ვარ ქართველი პოლიციელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა. თქვენ, ყველა ძალიან მაგრები ხართ!”, – წერს ნიკოლი.
ნიკოლი და ჯერემი 2018 წლის მარტიდან ველოსიპედით მოგზაურობენ. ჩინეთიდან დაწყებული მოგზაურობა თურქეთში უნდა დასრულდეს. ამჟამად კი საქართველოში იმყოფებიან, სადაც ინციდენტი შეემთხვათ, თუმცა ქართველი სამართალდამცველების წყალობით, პრობლემა აღმოფხვრილია და მათ მოგზაურობის გაგრძელება უკვე შეუძლიათ.
ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ შედეგი ასეთი არ იქნებოდა – რას წერს ტურისტი ქართველ სამართალდამცველებზე
2019/01/25 12:19:35

კომენტარები
ნანახია: 645 ჯერ