როდესაც საზოგადოება და ხელისუფლება პრინციპულ პოზიციაზე დგას, ინვესტორს მათთვის ანგარიშის გაწევა უწევს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც დღეს მიიღეს საზოგადოების მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოების და ქალაქის ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რა პოზიტიური შედეგი მოაქვს სამოქალაქო სექტორის აქტიურობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოებრივი ინტერესი გაძლიერებულია სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ერთად ვაღწევთ ქალაქისთვის სასარგებლო შედეგებს,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.