“სანდრო გირგვლიანის მკვლელებს არ აქვთ უფლება, რომ აქ იყვნენ”, – ამ სიტყვებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი კაკაბაძემ მიმართა.
“წადით, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან! წადით რა, დაგვანებეთ თავი. გვიჭერთ, გვაწამებთ, გვკლავთ! სანდრო გირგვლიანის მკვლელებს არ აქვთ უფლება, რომ აქ იყვნენ. თქვენც უნდა გაეთრიოთ, „ქოცებთან“ ერთად. დაგვანებეთ თავი ამ სისხლისმსმელებმა“, -მიმართა კაკაბაძემ ბოკუჩავას.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. პარალელურად კი “რედისონთან” სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ. ირაკლი კაკაბაძე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით სასტუმრო „რედისონში“ შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, დატოვა. როგორც პარტიის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა მათთვის სრულიად მიუღებელია.