ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
“მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ, თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, გაფრთხილების შემდეგ, ქეთევან წამებულის 67-ში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა შეამოწმეს თუ არა განმეორებით ბინა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა ამ კითხვით კომპანიის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ.
„ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია. დეტალურად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, არ ვარ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენელი, შეგიძლიათ, ამ კომპანიის წარმომადგენლებს დაუსვათ შეკითხვა“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე – ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია
2019/01/31 17:17:17

კომენტარები
ნანახია: 548 ჯერ