„ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარიმართება ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„დღეს გვაქვს უმრავლესობის მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც დაესწრება. ვიმსჯელებთ სასამართლოსთან დაკავშირებით, მთლიანობაში იმ პროცესზე და მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომლითაც მოსამართლეებიც შერჩევა, წარდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტში. ვფიქრობ, უმრავლესობის საერთო მხარდაჭერა ექნება იმას, რომ მოსამართლეობის თითოეული კანდიდატურის კენჭისყრა მოხდეს ინდივიდუალურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ყველა კანდიდატი განიხილოს სათითაოდ და ამ განხილვას დაეთმოს საკმაო დრო შიდა საპარლამენტო ფორმატში, რათა თითოეულ დეპუტატს საკუთარი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეს. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარიმართება ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საკითხზეც ისაუბრა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და სამართალდამცავებს. ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც, სავარაუდოდ, პირველმა ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში. ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში ასეთი საკითხებით არ მოხდეს ვინმეზე ზემოქმედების მცდელობა და მანიპულირება. მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ საკითხზე მსჯელობას დღეს არ ველოდები, მაგრამ, სავარაუდოდ, განცხადებები გაკეთდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი ესწრება.