„გირჩი“ 1 აპრილიდან ნარკომოხმარების ტესტების შემოღებას ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით „გირჩი“ განცხადებას ავრცელებს და შსს-ს და პარლამენტს მიმართავს.
“ორშაბათიდან ძალაში შედის “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ “ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას და რომ ეს ტესტი ადგენს ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი – ციხე! ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, “გირჩის” წევრებს და ჩვენი აზრით, სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში”, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.
„გირჩი“ მოუწოდებს შსს-ს, არ მოახდინოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულება კანაფთან მიმართებაში. ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვასთან დაკავშირებით, კანაფთან მიმართებაში და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, წინასწარ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას, არც ხელოვნურად კრიმინალებად ქცევას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და არც ერთი ადამიანი არ მოხვდეს ციხეში იმის გამო, რომ ღამით, მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარა“, – აღნიშნულია განცხადებაში.