„ანგარიში არის ძალიან მაღალ, პროფესიულ დონეზე მომზადებული“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშს.
ამასთან, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც სუს-მა წარმოადგინა, ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ანგარიში არის ძალიან ინფორმატიული, სადაც ხაზგასმულია და აქცენტები სწორედ არის დასმული იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას საქართველოს წინაშე; ამავე დროს, იმ პრევენციულ მექანიზმებზე, რომელიც შეიქმნა სუს-ში. მე ვფიქრობ, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს სუს-ს, ის ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ნახსენებია ანტიტერორისტიული ღონისძიებები და პრევენციები. მე ჩვენს ოპონენტებს ვურჩევდი წაიკითხონ ჩვენ პარტნიორების შეფასებები, როგორ აქტიურად არის ჩართული ჩვენი სამსახურები, ამ შემთხვევაში სუსი და როგორ ეფექტურად მოქმედებენ ისინი ჩვენს მეგობრებთან ერთად. ეს იქნება ადეკვატური რეაქცია, თუ ვინმეს მართლა უნდა, გაერკვეს რეალობაში. პოლიტიკური შეფასება საქართველოში უკვე, სამწუხაროდ, იქცა ერთგვარ სტანდარტად, რომ აუცილებლად უნდა იყოს სუბიექტური. არსებობს საკითხები, რომლებზეც არსებობს ძალიან სერიოზული კვლევები ჩატარებული, შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. სურათი არის ძალიან ნათელი. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სუს-ის ყველა თანამშრომელს ვუთხრა მადლობა 24-საათიანი შრომისთვის, რასაც ყოველდღიური რეჟიმით ახორციელებენ. საქართველოს წინაშე არის უამრავი გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, სწორი სამოქმედო გეგმითა და ერთსულოვნებით ყველაფერს გავუმკვლავდებით“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა
პრემიერი – სამოქმედო გეგმა, რომელიც სუს-მა წარმოადგინა, ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს
2019/03/28 15:37:18
კომენტარები
ნანახია: 520 ჯერ