ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.
როგორც ანა ბაგრატიონის უფლებადამცველმა, ლევან გორელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში ანა ბაგრატიონი 13:00 საათზე მივა.
„ჩვენ არც ინფორმაცია გაგვივრცელებია და არც საჩივრით მიგვიმართავს პროკურატურისთვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ინფორმაცია გავრცელდა მედიასაშუალებებით და დაიწყო გამოძიება. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აუცილებლად მივა სამმართველოში გამოკითხვაზე. იქ რამდენიმე ფაქტია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის არის ცემის მუხლი და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რადგან ბატონ დავითს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკეტილი ჰყავდა სახლში, ვიდრე არ გაუვლიდა ჩალურჯებები, რაც მას მიადგა ცემის შედეგად. დაზიანებების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნებიც გაგვაჩნია და ეს საქმეშიც დევს“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
„ეს არის სისულელე და შავი პიარის ნაწილი, რომელსაც მეორე მხარე უკვე აქტიურად აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ. ამბობენ, რომ ვიღაცამ სცემა ანას, მაგრამ ვინ სცემა? ეს ვიცით? საუბარია, რომ ბატონმა დავითმა თითქოს საგურამოში სცემა 2014 წელს ანას. რა უნდა ანას საგურამოს სახლში, როცა 2012 წელს უკვე ესპანეთში დაშორდნენ და რომ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. დაიწყო შავი პიარის მორიგი სერია“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.