როგორ ემზადებოდა საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო დღესასწაულისთვის? ამის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.
ვნების კვირეულის მიწურულს, სალომე ზურაბიშვილი აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება და დროის სიმცირის მიუხედავად პროდუქტების საყიდლად თავად მიდის. პროდუქტების გრძელი სია ჰქონდა თან, თუმცა უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტმა პასკის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები შეიძინა.
სალომე ზურაბიშვილი დახლებს შორის მოქალაქეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. პრეზიდენტი სხვადასხვა რაკურსით – არაერთი მობილური ტელეფონის ობიექტივში მოხვდა. გზადაგზა აღდგომასაც ულოცავდნენ და სამახსოვრო ფოტოსაც იღებდნენ.
ემიგრაციაში გაზრდილი პრეზიდენტი მზადების პროცესში “იმედის კვირას” უყვება, რომ აღდგომა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში წასული მისი წინაპრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული იყო. პარიზის ქართული სათვისტომო მას განსაკუთრებულად აღნიშნავდა.
ზურაბიშვილების ოჯახში პასკას ყოველთვის სახლში აცხობდნენ. სააღდგომო ნამცხვრის გამოცხობა პრეზიდენტს, მამის ძმამ ასწავლა. წინაპრების რეცეპტი მოგვიანებით საკუთარ ქალიშვილს გაუზიარა.
პრეზიდენტის თქმით, აღდგომა მისთვის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, იმედისა და სიხარულის დღეა. სწორედ ამიტომ ამ დღეს აღნიშნავდა ყველა ქვეყანასა თუ კონტინენტზე, სადაც არ უნდა ყოფილიყო დიპლომატიური მისიაში.
სააღდგომო ტრადიცია სალომე ზურაბიშვილმა არც ამჯერად დაარღვია. პრეზიდენტი აღდგომას საკუთარი ხელით გამომცხვარი პასკით და წითელი კვერცხით შეხვდა.