ავსტრიის ვიცე-კანცლერი რუსეთთან გარიგებაშია ეჭვმიტანილი. სკანდალური ინფორმაცია ჰანს კრისტიან შტრახეს რუსულ კავშირებზე გამოცემა შპიგელმა გამოაქვეყნა. საუბარია 2017 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე.
მედიამ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ვიცე-კანცლერი, თანაშემწესთან ერთად რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრს ხვდება. შეხვედრა იბიცაზე გაიმართა.
ფარულ ჩანაწერში რუსი ქალი, ჰანც-კრისტიან შტრახეს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებას ჰპირდება, სანაცვლოდ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრი სახელმწიფო დაკვეთების გადაცემას ითხოვს და გავლენიანი მედია გამოცემის 50 პროცენტიანი წილის შესყიდვის უფლებას.
ჩანაწერს ავსტრიის პროკურატურა სწავლობს. ვიცე-კანცლერს კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადებას რამდენიმე საათში ავსტრიის კანცლერი გააკეთებს. დეპუტატები კი ვიცე-კანცლერის გადადგომის საკითხს პარლამენტში დააყენებენ.