2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ რუსთავში, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„მახარებს თქვენთან შეხვედრა, იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ჩვენ ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ. 2012 წელს ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ერთად გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია. მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ. ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, რომელშიც ჩვენი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები მუდამ ერთგულად გვედგნენ გვერდში. მადლობა ამისთვის. მადლობა ყველას, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ერთგული მსახურებაა. ამიტომაც ვართ დღეს ასეთი ამაყები. ჩვენ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ და დიდ წარმატებებსაც ერთად მივაღწიეთ. სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უწევენ, რადგან ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა ჩვენმა თვითმყოფადობამ დიდ ევროპულ ოჯახში დაგვაბრუნა“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
როგორც კახი კალაძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები მალე ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ და აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა.
„ჩვენი მოქალაქეები სულ მალე ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების წინ უსამართლოდ დაკარგული ისტორიული ფუნქცია აღიდგინა და „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს და მის უსაფრთხოებასა და საიმედოობას ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორებად ქცეული მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები იცავენ. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი ერთად ყოფნა ყველა იმ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენების საწინდარია, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვლილი ოთხი წლის განმავლობაში მიეცა“, – განაცხადა კახი კალაძემ.