უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება. სწორედ ეს თარიღი განსაზღვრა ქვეყნის ეროვნულმა რადამ პრეზიდენტის საინაუგურაციოდ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინაუგურაცია დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება. მანამდე კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ინაუგურაციის 19 მაისს გამართვას.
10 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო. ამ მოთხოვნამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღე აღინიშნება.
კომენტარები