უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში კაბინეტებში პრეზიდენტის პორტრეტები უნდა ჩამოხსნან. ამის შესახებ მან რადაში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. ზელინსკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.
21 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.